www.alion.ge
ცხოვრების მიზნად სიმართლე გვქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად!"

ლოგო

აქტუალური სტატიები
  • კონჭკათის წმ. ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი პირვანდელ ...
  • ქ. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძეა
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გურიის რეგიონში ოფიციალუ ...
  • იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის ეკლესიას ათეუ ...
  • დავით დარჩია: ,,დიახ, ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა ...
  • კახი კალაძე ოზურგეთლებს შეხვდა
  • საარჩევნო მარათონი კითხვებით და პასუხებით...
  • როგორ გამოვიცნოთ ვადაგასული პროდუქტი
  • რუსთაველის თეატრში დავით შემოქმედელის (ტაკიძის) 60 წლის ...
  • როგორ ემზადებიან არჩევნების მეორე ტურისთვის

  • #1 (10038) მაისი, 2014 წ. » საზოგადოება » ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
    prev next
    
    ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
    კატეგორია: საზოგადოება | ავტორი: administrator | ნანახია: 1059
    თარიღი: 3-03-2013, 20:10
    ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
    ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!

    გაზაფხულმა თავისი ჩვეული ხიბლით შემოგვღიმილა და ყვავილებით გვითხრა მიყვარხართო. მერე ამ ყვავილებს სუსხით ჩამოუქროლა, ყინვითაც მოაზრო, ისევ გაუთბო გათოშილი ფოთლები და.... ემატება წუთს წუთი, საათს საათი და დრომ ამ სწრაფ ჭენებაში, რამდენი გაზაფხული, თავისი ყვავილობით და სუსხიანი ჩამოქროლებით გაითელა ფლოქვებქვეშ. და მაინც რამდენი დღესასწაული გაზაფხულობისა და ყვავილობისა შემორჩა ცნობისწადილს ლამაზ მოგონებებად, მიუწვდომელ ფიქრებად, აუხდენელ ოცნებებად. ქალი გაზაფხულის ყვავილებს მიამსგავსეს. მანაც ღიმილით უთხრა ცხოვრებას _ მიყვარხარ!.. და ამ სიტყვაში რამდენი გრძნობა ჩაიტია.
    ქალი გაჩნდა და... მასაც ჩამოუქროლა თბილმა სიომ, გაუღიმა ორაზროვანი ღიმილით, მერე, რამდენჯერ დააზრო ყინვამ და უგულობამ, რამდენჯერ ეტკინა გული. მძიმე და რთულმა ცხოვრებამ დედაკაცადაც შექმნა და დაუდევარ ქალადაც. ვინ იცის, რამდენი კარგი და ცუდი იარლიყი მიიწერა, თუ მიაწერეს. რამდენ განსაცდელს გადაეფარა წინ და რამდენი კვლავ ელოდება.

    წმიდა სამების მადლმოსილება თუ სულის ხსნაა, დედა-შვილობის სილამაზე ამ ხსნის ბალავრად მესახება.
    _ შენს დაღლილ თვალებში ჩვენს ბავშვობას ვხედავ დედა; მისი თითოეული დღე ფიქრიან ღარებად დაჰყოლია სახეს და ვინ მოთვლის, რამდენი სითბოს მატარებელია.
    ვინ არისო, ყველაზე ლამაზიო, რომ ჰკითხო პატარას, დედიკოო _ გეტყვის!
    _ დედა, ვილოცავ დედის დღეს და რვა მარტს, შენ ყველაზე ლამაზი და საუკეთესო დედიკო ხარ მსოფლიოში, გისურვებ ბედნიერებას! აბა შენ იცი, კარგად მომიარე! შენი ვიტვიტა. _ამ სიტყვების ავტორი ხუთი წლისაა. ბავშვური ხელით დაწერილ და ლამაზად გაფორმებულ წერილში მთელი სამყაროა ჩატეული, სამყარო დედა-შვილობით გამთბარი. იცვლება ცხოვრება, თბილი ფერები ინთებიან და ქრებიან. მუქი შტრიხები სერავენ სივრცეს, ცისარტყელას ფერებსაც კვეთავენ დაუნდობლად. არ მინდა დაიჩრდილოს ეს ფერები, რადგან მზე სახლობს მათში. მზე სახლობს თურმე ადამიანშიც, რადგან მზე ჩაესახლა ქალის გულში.
    ლამაზი სიტყვები, ლამაზი ფერები, ლამაზი გრძნობები _ ეს ვისთვის როგორ! უკეთეს შემთხვევაში რეალობა, ზოგჯერ კი მხოლოდ ნატვრა.
    გაზაფხულის პირველი დღესასწაული 3 მარტი _ დედის დღე! 8 მარტი, ბევრისთვის საკამათოდ ქცეული უკვე. მოლოცვები, მილოცვები, ღონისძიებები მრავლად. ზოგი გულით მომზადებული, ზოგი პათეტიკით დატვირთული. ჩემი ლექტორის, აწ გარდაცვლილი აკაკი გაწერელიას სიტყვები მახსენდება: გალაკტიონს იუბილე გადაუხადეს, დიდებული ღონისძიება გაუმართეს, აქეს, ადიდეს, მოეფერნენ. მერე სამთავრობო მანქანებით სწრაფად ჩაუქროლეს ფეხით მიმავალს. ცხოვრებაში მომეფერეთ! დანანებით თქვა, მერე ხელი ჩაიქნია და დაუყვაო დაღმართს.
    ხელის ჩაქნევისა რა ვთქვა, ან დიდ პოეტს ვინ შევადარო. უბრალოდ ქალთა საზოგადოებაზე ვსაუბრობთ ახლა. დედაზე, დაზე, სატრფოზე, მეუღლეზე. ადამიანებზე, რომელთაც, თუნდაც მცირედი, გულწრფელი ღიმილი და სითბო დიდზე დიდ სიამეს გვრის, და ცხოვრებაში მოფერება ხომ... ძნელია სიტყვებით აღწერო. ამ გრძნობების და განცდების იმდენგვარი გამოხატულება არის, რამდენი გულიცაა ასეთი გრძნობებით სავსე.
    გადავწყვიტეთ ქალების ნაცვლად მამაკაცები მოგვეწვია სტუმრად, არჩევანი ამ ეტაპისთვის ხელოვან ადამიანებზე შევაჩერეთ. ზოგმა ზრდილობიანი უარი გვითხრა, არ შემიძლია ასე ხმამაღლა ვისაუბრო დედაზე, მეუღლეზე. ზოგმაც სიხარულით მიიღო ჩვენი შეთავაზება და ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან მიულოცეს დედებს, მეუღლეებს, და საერთოდ ყველა ქალს გაზაფხულის დღესასწაულები.
    ზაზა ჯინჭარაძე, მსახიობი, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი. მასთან გასაუბრება იუმორით დატვირთული აღმოჩნდა.
    _მეუღლისთვის ან დედისთვის ყვავილები მიგირთმევიათ?
    _ სცენაზეც კი არ დამიჭერია ყვავილები ხელში და ცხოვრებაში ხომ მითუმეტეს (ეცინება). ეს ყველამ იცის და ყვავილებით ხელში რომ დამინახონ, გადაირევა ოზურგეთლები. იცით, ჩემი მეუღლე არ დამყავს შეხვედრებზე, მართლა არ დაიჯეროთ, თავად არ მომყვება, არასერიოზულ ადამიანს მეძახის.
    რაც შეეხება ჩვენს დაქორწინებას, ნამდვილად პოლიტიკური სარჩული უდევს. იგი ჩემი პარტიის (ბურჯანაძე-დემოკრატები) კოორდინატორი იყო სოფელში. მაშინ გავიცანით ერთმანეთი, როგორც კი შევთავაზე, ცოლად გაგომყევიო, მაშინვე გამომყვა. მთიდან ბარში ჩამოვიყვანე, ამაზე მეტი საჩუქარი რაღა უნდა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. შორენა საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე დედა და მეუღლეა. ბევრი ტვირთი აიღო თავზე ჩემი მოუცლელობის გამო. მე მას სიყვარულს ვჩუქნი.
    დედა ჩემი მეგობარია. ადამიანი, რომელმაც გამზარდა და თავად სიყვარული შემასწავლა. ამაზე დიდი საჩუქარი არაფერია ქვეყნად.
    რას იტყვით თეატრში მომუშავე ქალებზე
    _ ხოოოო, 24 ქალი მუშაობს ჩვენთან, (სიას ღიმილით გვაჩენებს) 24 საჩუქარი მაქვს საყიდელი.
    ვახტანგ მამეიშვილი, მხატვარი: _ ქართველი კაცი წარმართობის ხანაშიც დედას აღმერთებდა. ეს თავისებურად გადავიდა სარწმუნოებაში. 2000 წელია, ჩვენი აზროვნება და მსოფლმხედველობა ქრისტიანული სარწმუნოებით ყალიბდებოდა. სარწმუნოება ქართული ეროვნული სულის ჩამომყალიბებელი იყო. ამიტომაც არის განსაკუთრებული ჩვენში ღვთისმშობლის სიყვარული. არ არის შემთხვევითი, რომ უფალმა საქართველო ღთისმშობლის წილხვედრად დაასახელა. განსაკუთრებულია დედაშვილობაც ჩვენში. სიბერემდე ბავშვია შვილი, სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავს მშობლები შვილებზე. ჩემთვიდ დედა ყველაზე უმაღლესი სიყვარულის გამოხატულება იყო. ამიტომაც დავტოვე თბილისი და სოფელში დავბრუნდი.
    ასევე განსაკუთრებულია მეუღლეც. როცა ოჯახში შემოდის უცხო პიროვნება, თითქოს ირგებს იმავე სამოსელს, რაც დედას ემოსა და ისევე ზრუნავს თავისი შვილებისთვის, რასაც დედა აკეთებდა შვილებისთვის.
    სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანას აღოღებული საქართველო ჰქვია. როცა მთელ მსოფლიოს მოედო დედაშვილობის ნოსტალგია, რომელიც ხშირად საოცარი სიმძაფრითაა გამოხატული, რაგდგან უამრავი ქალია უცხოეთში წასული სამუშაოდ. ისინი უმძიმეს შრომას ეწევიან უცხოეთში, არადა როგორც შვილებს, ისე სამშობლოსაც ხომ მოვლა უნდა. მათი იქაური შრომა აქ უნდა დაიხარჯოს. ამას წინათ ჩოხატაურში ებრაელ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა იყო. ერთი ბავშვის ნახატი მომეწონა. მიწის შავ ფონზე ბუნდოვანი გამოსახულება მოჩანს მოხუცისა, რომლის გონებასი იერუსალიმია ჩახატული. ისინი მთელი ცხოვრება სამშობლოში ცხოვრებას ოცნებობდნენ. არ მინდა ასე იოცნებოს ქართველმა ბავშვმა. ქართველმა დედამ. ვულოცავ ყველა დედას და ყველა ქალს გაზაფხულის დღესასწაულებს.
    ვიქტორ საბაშვილი, ეკონომისტი:
    _ მე და ჩემმა მეუღლემ ქეთევან ხიდაშელმა ერთმანეთი ლიფტში გავიცანით, თბილისში. როცა ლიფტიდან გამოვედით, აღმოჩნდა, რომ ერთსა დაა იმავე ადამიანთან მივდიოდით სტუმრად. დიდი დრო არ დაგვჭირვებია იმისთვის, რომ გავრკვეულიყავით ჩვენს გრძნობებში და მალევე დავქორწინდით.
    რა გითხრათ ამ ასაკში ამ თემაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, მაგრამ ერთი კი შემიძლია გითხართ, რომ დღეს ბედნიერი ვარ, მყავს ლამაზი ოჯახი, ორი შვილი გიორგი და ქრისტინა და ასაკოვანი მამა. ვცხოვრობთ მოკრძალებულად, მაგრამ საინტერესო და სავსე ცხოვრებით.
    რა შემიძლია გავიხსენო, როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? ჩემი პატარა გოგონა ქრისტინა მაშინ 6 წლის იყო, მუსიკალურ სტუდიაში დაგვყავდა, კარგად მღეროდა, წლის ბოლოს კონცერტი ჰქონდათ, სცენაზე პირველად გადიოდა, მიკროფონსაც კი ვერ წვდებოდა. იმღერა, დარბაზში შეძახილები და ოვაციები ისმოდა, ემოციას ვერ ვფარავდი, დღემდე მახსოვს ის წუთები და ის განცდა.
    კობა დუნდუა, ქორეოგრაფი: ჩემი მეუღლე თინათინ ნადირაძეა. თინათინი უცხო ენების სპეციალისტია. ცამეტი წლის წინ ვიქორწინეთ. Oორი ვაჟი გვყავს, გიორგი და ჯუბა. ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი არც ისე დიდხანს, სამი თვე გრძელდებოდა. დიდი სიყვარული გვაკავშირებს. კარგად გვესმის ერთმანეთის. რადგან ოზურგეთში ვსაქმიანობ, მაგრამ ჩემი ოჯახი თბილისშია ოჯახიდან შორს ყოფნა მიწევს. თინათინს თავიდან უჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ეგუება, სანამ ცოლად გამომყვებოდა იცოდა, რომ ხელოვანი ვიყავი და ჩემი საქმე დიდ დროს მოითხოვდა. ხელს მიწყობს. Kკვირის განსაზღვრულ დღეებს თბილისში ვატარებ. Oოქროს შუალედი ვიპოვეთ.
    სულ ვჩუქნი ყვავილებს. ეს ჩემთვის უხერხულობასთან არ ასოცირდება, როგორც ხშირად ფიქრობენ. ტრადიცია გვაქვს დღესასწაულებზე ,მაგალითად შობას ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით.
    რაც შეეხება დედას, მაგული გაფრინდაშვილს, ყველადღე განსაკუთრებულია დედასთან ურთიერთობით. დედის ღიმილით იწყება დღე. ქართველისთვის დედა არის პირველი. ბავშვი პირველად ორ სიტყვას აღუს და დედას ამბობს. დედა ასოცირდება ყველაზე საყვარელ, სათუთ, თბილ პიროვნებასთან. განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ცხრა თვე მუცლით გვატარა, გაგვზარდა არ შეიძლება პატივი არ სცე. ის არის პატივისცემის უდიდესი წერტილი. სიყვარული და ერთგულება უნდა უჩვენო. დედა ღვთისმშობელთან ასოცირდება. რელიგია გვასწავლის, რომ დედის შეურაცხყოფა არის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა. ის არის უდიდესი კულტი. მთელი ცხოვრება დედასთან ურთიერთობის ერთი დიდი ეპიზოდია. შესისხლხორცებულია შვილთან დედა. ადამიანი რამეს რომ იტკენს `ვაი დედაო~, ან `დედა მიშველეო~ დაიძახებს. რამდენი სიტყვა იწყება დედით: დედა-ენა, დედა-სამშობლო, დედა-ბოძი, დედა-მიწა.
    ყველა ქალს ვუსურვებ ბედნიერებას, კეთილდღეობას, წარმატებას პირად ცხოვრებაში და მომხიბვლელობას. მომავალ დედებს ლამაზ დედობას.
    -რვა მარტის ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. სამ ახალ ცეკვას შევასრ-ულებთ `კავკასიურს~, `თუშურს~ და `მხედრულს~. მაისის ბოლოს კი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარვ-სდგებით.
    ტრისტან სიხარულიძე, ლოტბარი: ყველა დედა კარგია, დედაჩემი ვალიდა მარგალიტაძე საუკეთესო დედა იყო. სულ გაჭირვებაში ვიყავით და მთელი ტვირთი და სიმძიმე დედაჩემზე გადადიოდა, მუშაობდა და გვარჩენდა. მამაჩემი ხელოვანი კაცი იყო. 1932 წლიდან 1951 წლამდე ვარლამ სიმონიშვილის გუნდში მღეროდა. ყოველდღე ეძახდა ხელმძღვანელი. ამიტომ ოჯახური საქმეები დედაჩემის კისერზე იყო. სამი შვილი გაგვზარდა. გაჭირვებული ცხოვრება გვქონდა. ლუკმა არ გაგვაჩნდა. ზოგჯერ მარტო ტყემალზე გადავდიოდით.
    ერთ რამეზე ძალიან მწყდება გული. ერთხელ ავადმყოფობის დროს ფანჯარასთან მიყვანა მთხოვა. რაც ვერ შევუსრულე, მეორე დღეს ის გარდაიცვალა.
    მე და ჩემი მეუღლე, რუსუდან მამინაშვილი ერთად ვსწავლობდით მაკვანეთში. პირველად ახლოს არ მიკარებდა. ამიტომ დავწერე წერილი, სადაც ვუხსნიდი ჩემი დამოკიდებულების შესახებ მისდამი. წერილის ბოლოს ვწერდი, ამ წერილის კითხვის დროს შეიძლება ფეხი წამოიკრა და არ დამწყევლო მეთქი. ეს იმიტომ დავწერე, რომ სახლამდე ძალიან დიდი და ცუდი გზა ჰქონდა გასავლელი.
    1951 წელს სამხედრო სამსახურში წასვლის წინ დავნიშნე. ხუმრობით ვკითხე ,რას იზამ ჩემს ჩამოსვლამდე მეთქი, მიპასუხა ,,თუ არ მომეწონა ვინმე მოგიცდიო~ ერთ წელიწადში დავბრუნდი ჯარიდან და მის დაბადების დღეზე, 14 ნოემბერს გვქონა ქორწილი.
    შეგვეძინა ორი შვილი ქალ-ვაჟი. პირველი შვილის დეკრეტის ფულით, 200 მანეთით, ვიყიდეთ ცემენტი.
    ჩემი აზრით გურიაში ცოლებსა და ქმრებს შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობებია. ისეთ ქალს, რომელიც ოჯახისთვის ზრუნავს, დაეჯერება. ერთხელაც არ მიფიქრია ცხოვრებაში რომ მამაკაცი ვიყავი და ამიტომ ჩემი მეუღლისთვის ჩრდილი მიმეყენებინა, ვიცი შემთხვევები როცა კაცი საკუთარ თავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. დიდ პატივს ვცემ ჩემს მეუღლეს. ყოველთვის იცის სად მივდივარ, ეს პატივისცემის გამოხატულებაა.
    ჩემი მეუღლე ერთგული და უღალატოა, მეც ასე ვარ. ასეა დღემდე და აწი რაღა წაგვახდენს. ისე ჩავახუცდით ერთმანეთს სიყვარული არ გაგვნელებია.
    ყველა დღე უნდა იყოს დღესასწაული ქალისთვის. დედისა და მეუღლისადმი პატივისცემა მარტო ამ დღეებში არ უნდა გამოხატო. მე ამას ვაკეთებ.
    ყველა დედას, მანდილოსანს, შეყვარებულს ვულოცავ. დაესწრონ მრავალს. წავიდნენ უკეთესი მომავლისკენ.
    გვერდი მოამზადეს ნინო ნიკოლაიშვილმა, მარი კოძოევმა

    ასევე საინტერესოა:
  • `არ ვიყავით ჩვენ ამ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო~
  • გველის წელიწადი?
  • ჩემი გულისტკივილი, ანუ შეჩერდით ხალხნო! ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მსახიო ...
  • ტრეფიკინგი - საშინელება საშინელებათა შორის!!!
  • ქართველობით თამაში რაღაა
  •  159: ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!3 მარტი 2013: ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!!
    ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!.
    ძვირფასო ქალებო! გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!
    

    კომენტარის დამატება

    თქვენი სახელი:

    თქვენი E-Mail:





    გამოკითხვა


    საიტის თავში